ჟოზეფ ბორელი - ჩვენ გვადარდებს, რა შეიძლება, მოხდეს მთელ რეგიონში, ვშიშობთ, რომ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაზე
ჩვენ გვადარდებს, რა შეიძლება, მოხდეს მთელ რეგიონში. ჩვენ ვშიშობთ, რომ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაზე. რუსეთის გავლენამ შესაძლოა, განაახლოს მუშაობა მეზობელ ქვეყნებში, მოლდოვასა და საქართველოში, ასევე აისახება დასავლეთ ბალკანეთზე, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ბორელის თქმით, მოლდოვაში ვიზიტს გეგმავს.
„ჩვენ გვადარდებს ის, თუ რა შეიძლება, მოხდეს მთელ რეგიონში. ჩვენ ვშიშობთ, რომ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაზე. რუსეთის გავლენამ შესაძლოა, განაახლოს მუშაობა მეზობელ ქვეყნებში, მოლდოვასა და საქართველოში, ასევე აისახება დასავლეთ ბალკანეთზე. ასე რომ, ჩვენ უნდა მივაქციოთ დიდი ყურადღება იმას, თუ რა ხდება იქ. მე ვაპირებ მოლდოვაში ვიზიტს, ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებით იმასთან დაკავშირებით, როგორ აისახება ეს კრიზისი დასავლეთ ბალკანეთზე და ვუყუროთ, როგორია ბალკანეთის ქვეყნების, ევროკავშირის წვრობის კანდიდატების პოზიციები ჩვენს საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს არის გადამწყვეტი მომენტი ევროპისთვის.
„ეს არის შესაბამისი დრო, რომ ვაჩვენოთ სტრატეგიული და გლობალური ლიდერობა, ვიმოქმედოთ ერთიანად და სწრაფად. ეს ასევე არის მიზეზი, რომ ვიფიქროთ, თუ რა სჭირდება ევროკავშირს და რა გვინდა, რომ ევრკავშირი იყოს, რადგან ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები გაიზრდება და ჩვენ უნდა ვიყოთ ამისთვის მზად. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ევროკავშირი დაიბადა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რადგან ჩვენ გვინდოდა მშვიდობა, კეთილდღეობა და ეს სიმართლეა. ევროკავშირს სურს მშვიდობა და კეთილდღება. ევროკავშირი არის მშვიდობიანი პროექტი და ჩვენ გვინდა, გავაგრძელოთ ბრძოლა მშვიდობისთვის. ჩვენ გვინდა, შევინარჩუნოთ მშვიდობა ევროპაში, თუმცა ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ მშვიდობის დასაცავად. ის, რაც უკრაინაში ხდება, იქნება გამოსაფხიზლებელი მომენტი ადამიანებისთვის, ვისაც სჯერა, რომ მხოლოდ ერთიანად ევროპელები შეძლებენ, გაუმკლავდნენ გამოწვევებს“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.