მსოფლიოს 210-ე ჩოგანი, ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა, რომლის საუკეთესო მაჩვენებელი რეიტინგში მეხუთე ადგილია, „ეიტიპი 250-ის“ (ATP250) ტურნირის გამარჯვებული გახდა. საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში ფინალში ფრანგმა თანამემამულე, მსოფლიოს 44-ე ჩოგანი პიერ-უგ ერბერი ანგარიშით 6:4, 6:2 დაამარცხა.
მატჩი საათი და 15 წუთი გრძელდებოდა. ცონგამ სამჯერ მოახერხა ბრეიკის შესრულება, მეტოქეს კი არც ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი არ მისცა. ცონგამ ATP-ის ტურნირზე 2017 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად გაიმარჯვა. გარდა ამისა, ეს მონპელიეს ტურნირზე, 33 წლის ფრანგის პირველი მოგება იყო. ერბერმა ATP-ის დონეზე მესამე ფინალი ითამაშა და მესამედ წააგო.
შეგახსენებთ, რომ თითქმის მთელი შარშანდელი სეზონი ცონგამ ტრავმის გამო გამოტოვა, რის გამოც, მსოფლიო კლასიფიკაციაში მესამე ასეულში დაეშვა. შარშან, აპრილში ფრანგმა მუხლზე ოპერაცია გადაიტანა და კორტზე მხოლოდ ოქტომბერში დაბრუნდა.