ჟიურის გადაწყვეტილებით, თამარ ედილაშვილი საბავშვო ევროვიზიაზე სიმღერით - „შენი ხმა“ წარდგება
10:06, 01.10.2018
ჟიურის გადაწყვეტილებით, თამარ ედილაშვილი საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-16 კონკურსში საქართველოს სიმღერით „შენი ხმა“ წარადგენს, – ამის შესახებ დღეს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ გახდა ცნობილი.
საბავშვო ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის ავტორია სოფო ტოროშელიძე, ტექსტის – ალექსანდრე ლორთქიფანიძე.
პირველმა არხმა 2018 წლის საბავშვო ევროვიზიაზე წარსადგენი სიმღერის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა.
შემოსული 22 განაცხადიდან, კომპოზიცია “შენი ხმა” ჟიურიმ კენჭისყრის შედეგად შეირჩა. ჟიურის წევრები იყვნენ: დავით ევგენიძე – კომპოზიტორი, სოფო ხალვაში – მომღერალი, ნოდიკო ტატიშვილი – მომღერალი, ზაზა ორაშვილი – რეჟისორი, მანანა მორჩილაძე – ვოკალის პედაგოგი და ლანა ქუთათელაძე – პირველი არხის პროექტების განვითარების სამსახურის უფროსი.
თამარ ედილაშვილი პირველი არხის საბავშვო მუსიკალური პროექტის “რანინას” გამარჯვებულია. ის საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-16 კონკურსზე ნოემბერში გაემგზავრება.
2018 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ბელარუსი მასპინძლობს. მასშტაბური შოუ მინსკში 25 ნოემბერს გაიმართება.