ჟიგიმანტას პავილიონისი - ახალგაზრდები გამოვიდნენ პარლამენტის იმ წევრების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უშლიან ევროკავშირისკენ გზას, ეს მტკივნეულია
ახალგაზრდები გამოვიდნენ პარლამენტის იმ წევრების წინააღმდეგ, რომლებიც მომავალს ართმევენ, ხელს უშლიან ევროკავშირისკენ გზას და კარს უღებენ რუსეთს, ეს მტკივნეულია, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც პავილიონისმა აღნიშნა, ევროკავშირისთვის რთული იყო გაფართოების ფანჯრის გახსნა და სამწუხაროა „ქართული ოცნების“ ნახვა, რომ არ იყენებს ამ შესაძლებლობას.
„მე ყოფილი დიპლომატი ვარ. მახსოვს რუსეთ-საქართველოს ომის დროს მინისტრის მოადგილე ვიყავი და პასუხისმგებელი ვიყავი, დავხმარებოდით საქართველოს. მახსოვს, ჩვენი პრეზიდენტი ბალტიის, პოლონეთის, უკრაინის პრეზიდენტებთან ერთად იდგა იმ მოედანზე, სადაც გვეგონა, რომ რუსულ ტანკებს შევაჩერებდით. ახლა ვხედავ ხალხს, ახალგაზრდებს, რომლებიც გამოდიან პარლამენტის იმ წევრების წინააღმდეგ, რომლებიც მომავალს ართმევენ, ხელს უშლიან ევროკავშირისკენ გზას და კარს უღებენ რუსეთს. ეს მტკივნეულია. აქ ჩვენ სხვადასხვა რეგიონს წარმოვადგენთ, მაგრამ ჩვენ ერთიანი ვართ არა მარტო საქართველოს სიყვარულით, არამედ იმის გაგებითაც, თუ რატომ არის გაფართოება მნიშვნელოვანი, თქვენი გაფართოება.
ნატო-მ ჩემი ქვეყნის ტრანსფორმაცია მოახდინა, ის საბჭოთა კავშირის ზოოპარკი იყო. ჩვენ ვიყავით პირველი, ვინც საბჭოთა კავშირის შიგნით აჯანყდა. ახლა ჩვენ ვართ მდიდრები, ბედნიერები და ისეთი სტაბილურები, როგორიც აქამდე არასდროს ვყოფილვართ. რთული იყო ამ გაფართოების ფანჯრის გახსნა. ფაქტობრივად, ეს სხვა გმირებმა, უკრაინელებმა გახსნეს თავიანთი სისხლით და ბრძოლით და ძალიან სამწუხაროა „ქართული ოცნების“ ნახვა დღევანდელი კოშმარიდან, რომ არ იყენებს ამ შესაძლებლობას“, – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.
მისივე თქმით, კენჭისყრის შედეგად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებით კანდიდატის სტატუსი, რომლისთვისაც საქართველო იბრძოდა, უსარგებლოა.
„იცით, რომ მე შევხვდი ევროკომისიის პრეზიდენტს და მან მთხოვა, ქართველი ხალხისთვის გადმომეცა ვილნიუსიდან გზავნილი, რომ ამ პროცესში ავტომატიზაცია არ არის. „ქართული ოცნება“ ან კოშმარი თუ რუსეთს აირჩევს, ამ შემთხვევაში არ იარსებებს არანაირი შესაძლებლობა, დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესი, ამის შანსიც კი არ იქნება. ასე რომ, კანდიდატის სტატუსი, რომლისთვისაც ასე იბრძოლეთ, დღევანდელი კენჭისყრით უსარგებლოა. ამას აზრი არ აქვს.
საქართველომ უკვე წააგო ნატო-ს წევრობისთვის ბრძოლა. მე ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე ვიყავი. ვიბრძოდი, რათა საქართველოს მიეღო წევრობის სამოქმედო გეგმა და ჩვენ გვქონდა პრობლემა გერმანიის მაშინდელ დელეგაციასთან, მაგრამ ახლა მიხაელ როთი, მთელი პარლამენტი, ბუნდესტაგის წევრი, ხუთი პარტია ჩვენთან არიან. თქვენ იცით, რომ გვაქვს ბრძოლა უკრაინის ნატო-ში მოწვევისთვის, მაგრამ ჩვენ უკრაინა გაწევრიანების სწრაფ გზაზე გადავიყვანეთ, რადგან მათ აღარ სჭირდებათ წევრობის სამოქმედო გეგმა. ისინი შვედეთის გზით დაასრულებენ. ისინი იქნებიან ნატო-ს 33-ე წევრი სახელმწიფო. მე მომდევნო კვირას ვაშინგტონში მივდივარ, მაგრამ საქართველოს ლობირებას ვერ შევძლებ. ამ კენჭისყრის შემდეგ როგორ შემიძლია? ძალიანაც მინდა, მაგრამ – ვერ. საქართველო ჩემპიონი იყო ბუქარესტში, უკრაინა მაშინ ჯერ კიდევ არ იყო მზად. სამწუხაროა, რომ „ქართული კოშმარი“ ამ შანსებს მთელ ერს ჰპარავს. მე ვიცი, რომ გაფართოების ეს ფანჯარა დაიხურება და ეს შესაძლოა, მალე მოხდეს“, – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.