ჟენევის სასამართლომ დამნაშავედ ცნო ბანკირი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური ზარალის მიყენებაში ადანაშაულებდნენ
ბიძინა ივანიშვილის ყოფილ ბანკირს 5-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ჟენევის სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს მიიღო.
„Credit Suisse-ს ყოფილ ბანკირს ბრალად თაღლითობა და კლიენტების ხელმოწერების გაყალბება ედება. 54 წლის ყოფილმა ბანკირმა თავისი კლიენტი 152 მილიონი დოლარით აზარალა, აქედან 30 მილიონი ფრანკი კი პირად მოგებად დარჩა“, – წერს „ბლუმბერგი“.
როგორც „ბლუმბერგის“ ინფორმაციაშია აღნიშნული, Credit Suisse-ის ყოფილი ბანკირი პატრის ლესკადრონი აღიარებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერის გარდა, რუსი ბიზნესმენის ვიტალი მალკინის ხელმოწერასაც აყალბებდა.
ვიტალი მალკინის ადვოკატის განცხადებით, 2006 წელს, ფინანსურმა მრჩეველმა თავისი კლიენტებისთვის, რომელთა შორის იყვნენ ბიძინა ივანიშვილი და იტალი მალკინი, უძრავი ქონების აქციების დამატება დაიწყო. ამ მიზნით, მან შვილობილი ანგარიშები შექმნა, რომლის შესახებაც მისი კლიენტები ინფორმირებულები არ იყვნენ.
მას შემდეგ, რაც ფინანსური კრიზისის დროს, უძრავი ქონების დეველოპერი Meinl-ის ბირჟა ჩამოიშალა, ბანკირმა ნაცვლად იმისა, რომ დანაკარგი ეღიარებინა, ანგარიშის შევსება ბიძინა ივანიშვილის ფულით დაიწყო. მან დაახლოებით 100 მილიონის გადარიცხვა მოახდინა სხვა კლიენტების ანგარიშებზე.
ივანიშვილის ადვოკატი აღნიშნავს, რომ თანხის გადარიცხვის შესახებ ინფორმაცია ივანიშვილს არ ჰქონდა.