ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები - ჟენევის დისკუსიებისადმი ყველა მონაწილის ერთგულების იმედი გვაქვს, მოვუწოდებთ ყველას, რაც შეიძლება მალე დაიწყონ მომზადება, რათა მოლაპარაკებები შედგეს
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ ჟენევაში 6-7 ოქტომბერს დაგეგმილი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გამართვა შეუძლებელი გახდა, ვინაიდან ყველა მონაწილემ ვერ შეძლო დასწრება. შესაბამისი განცხადება ეუთო-ს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები აღნიშნავენ, რომ მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩატარება 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში იგეგმება.
„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ პირისპირ შეხვედრები უკიდურესად მნიშვნელოვანია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების თავიდან ასაცილებლად და ჰუმანიტარულ საჭიროებებზე რეაგირებისთვის, განსაკუთრებით ისეთ დროს, როდესაც რეგიონში შემაშფოთებელი მოვლენები ვითარდება და მთელ მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის პანდემიაა.
განზრახული გვაქვს, გავაგრძელოთ ვირტუალური და შესაძლებლობის შემთხვევაში, პირადი კონსულტაციები ყველა მონაწილესთან, მოლაპარაკებების 51-ე რაუნდისთვის მოსამზადებლად, რომელიც გადაიდო 2020 წლის დეკემბრის დასაწყისისთვის. ამ კონსულტაციების დროს, ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს, ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში და ითანამშრომლონ კონფლიქტურ საკითხებში, რათა უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება და გაუმჯობესდეს ცხოვრების დონე“, – ნათქვამია ეუთო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები აქვე მოუწოდებენ მონაწილეებს, დაიწყონ მომზადება რაც შეიძლება მალე, რათა მოლაპარაკებები შედგეს.
„ჩვენ ჟენევის დისკუსიებისადმი ყველა მონაწილის ერთგულების იმედი გვაქვს და მოვუწოდებთ ყველას, დაიწყონ მომზადება რაც შეიძლება მალე, რათა მოლაპარაკებები შედგეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.