ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ოკუპირებულ ცხინვალში დეფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები დღეს ოკუპირებულ ცხინვალში დეფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
საუბარი, რეგიონში განვითარებულ მოვლენებს და ჟენევაში მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს შეეხო, რომელიც 12-13 დეკემბერს შედგება.
შეხვედრას, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარის რანგში პირველად ესწრებოდა ტოივო კლაარი.
მისი განცხადებით, შეხვედრა საკმაოდ შედეგიანი იყო.
“ჩვენ კონსტრუქციულად განვიხილეთ საკითხები, რომელთა შესახებაც მსჯელობა ჟენევაში იგეგმება“ – განაცხადა ტოივო კლაარმა.
საუბარი ასევე შეეხო უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ პირთა საკითხს, რაზეც ჟენევის დისკუსიების ეუთო-ს თანათავმჯდომარემ გიუნტერ ბეხლერმა განაცხადა, რომ „დამოუკიდებელმა ექსპერტმა, დუშან იგნიატოვიჩმა, ამ საკითხთან დაკავშირებით ორი ანგარიში მოამზადა. დეკემბერში ის საქართველოში ჩამოვა და ვიზიტის ფარგლებში ჯიოევთან შეხვედრასაც გეგმავს“ – განაცხადა ბეხლერმა.
ჟენევის დისკუსიების გაერო-ს თანათავმჯდომარემ ანტი ტურუნენმა, რომელიც მისიას ასრულებს (ანტი ტურუნენი 2010 წელს დაინიშნა გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლად) მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ჟენევის დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მიმართ ნდობა გამყარდა. ბევრი კონკრეტული საკითხი გადაწყდა, რაც მაძლევს იმედს, რომ კიდევ ბევრი პრობლემის მოგვარება მოხერხდება ეტაპობრივად”, – წერს “კომინფ ორგ”.
საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, 42-ე რაუნდი ჟენევაში, 12-13 დეკემბერს შედგება.