ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ნაწილი ძალის გამოუყენებლობის განცხადების შემუშავებას დაეთმობა
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი ძალის გამოუყენებლობის ერთობლივი განცხადების შემუშავებას დაეთმობა. დოკუმენტზე მუშაობა მეექვსე წელია მიმდინარეობს.
როგორც ქართული დელეგაციის წევრები აღნიშნავენ, ბოლო პერიოდში ტექსტის შეთანხმებასთან დაკავშირებით გარკვეული წინსვლა შეინიშნებოდა.
თემაზე პირველ არხს ჟენევის დისკუსიების ერთ-ერთი მონაწილე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა ესაუბრა. როგორც ის ამბობს, „ტექსტი არსებობს, თუმცა მუდამ იცვლება“.
„ხდება ტექსტის შეჯერება და საბოლოო სახით ის ჩამოყალიბებული არ არის. 27-28 მარტს ამაზე იქნება მსჯელობა და მე ახლა თავს შევიკავებ წინასწარი პროგნოზებისგან. ვერ ვიტყვი, მოხდება თუ არა ამ რაუნდზე მისი მიღება და დამტკიცება“, – ამბობს დონდუა.
საგარეო მინისტრის მოადგილის თქმით, განცხადებას საქართველო აღიქვამს, როგორც ბიძგს ახალი პროცესებისთვის.
„ეს პროცესი არის 2008 წლის 12 აგვისტოს ქართულ-რუსული შეთანხმების შესრულება, რომელიც ჯერ კიდევ შესრულებული არ არის, იმიტომ, რომ რუსეთს არ გაუყვანია თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, ის კვლავ იყენებს ძალას საქართველოს წინააღმდეგ და ამიტომ კიდევ ბევრი არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს. სწორედ ამ შეთანხმების შესრულებისკენ გადადგმულ ნაბიჯად განვიხილავთ ჩვენ ამ ერთობლივ განცხადებას ჟენევის მოლაპარაკებებზე. იმისათვის, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება შესრულდეს, საჭიროა, შეიქმნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები, რომელიც გათვალისწინებულია ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმების მეხუთე პარაგრაფით“,-განუცხადა პირველ არხს დავით დონდუამ.
მინისტრის მოადგილე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შემუშავების პროცესში არსებული განცხადება საქართველოსთვის არანაირ საფრთხეს არ შეიცავს.
„ეს დოკუმენტი იქნება მონაწილეთა ერთობლივი განცხადება და ამას არანაირი კავშირი არ აქვს ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების რაიმე სახით ლეგიტიმაციასთან, ან მათ კონფლიქტის მხარედ წარმოჩენასთან. ამ განცხადებაში მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ რუსეთი ადასტურებს თავის ვალდებულებას საქართველოს წინააღმდეგ ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება საფრთხეს, ჩვენ საფრთხის თვალსაზრისით კი არა, შესაძლებლობების თვალსაზრისით ვუყურებთ ამ დოკუმენტს. ეს დოკუმენტი იმ შემთხვევაში იქნება მიღებული, თუ ჩვენ ვიქნებით დარწმუნებული, რომ ეს წაადგება სწორედ იმ პროცესს, რაც ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას“, – განაცხადა დავით დონდუამ, რომელიც ჟენევაში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს.
მისი განმარტებით, დოკუმენტი პროცესებზე იურიდიული თვალსაზრისით გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი იქნება.
მოლაპარაკებები შვეიცარიაში 27-28 მარტს იმართება, თუმცა არაფორმალური კონსულტაციები 26 მარტს უკვე დაიწყო თანათავმჯდომარე ორგანიზაციების (გაერო, ევროკავშირი, ეუთო) წარმომადგენლებთან.
27 მარტს იგეგმება ორმხრივი შეხვედრები აშშ-ის დელეგაციასთან, ასევე პირველი სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან და მეორე სამუშაო ჯგუფის თანამოდერატორებთან.
დასკვნით დღეს კი შედგება სამუშაო ჯგუფების შეხვედრა. მონაწილეები ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების მომზადებაზე გააგრძელებენ მსჯელობას.