შვეიცარიაში, ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი ხვალ გაიმართება.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შვეიცარიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველო პრინციპულად დააყენებს ექვსი პუნქტის შესრულების საკითხს.
„მნიშვნელოვანი რაუნდი გველოდება წინ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც უსაფრთხოების გარემო, ისევე როგორც მთელ ევროპაში, მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც არის მნიშვნელოვნად გაუარესებული. ამ ფონზე დიდი მნიშვნელობა აქვს ჟენევის მოლაპარაკებებს შემდეგ რაუნდს, რადგანაც ჟენევაში განიხილება ისეთი თემები, როგორიც არის, ფართო გაგებით, უსაფრთხოების უზრუნველყოფა, 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულება, სადაც მთავარი თემა არის დეოკუპაცია, რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანა ომამდელ ხაზზე და დევნილების დაბრუნება.
რთულ ფონზე ამ საკითხების განხილვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს აქვს ჩვენი პარტნიორების – აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან. ამ რაუნდზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მისი მთავარი საკითხების განხილვა, ეს არის 6-ვე პუნქტის შესრულება, განსაკუთრებით, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების უზრუნველყოფა, რაც ჯარებისა და დევნილთა დაბრუნების წინაპირობა უნდა იყოს. საქართველო პრინციპულად დააყენებს ამ საკითხს. ჟენევის მოლაპარაკებებზე ერთადერთი მთავარი თემაა, თუ საუბარია ვითარების რაიმე ტიპის გაუმჯობესებაზე, ეს შეიძლება, ეხებოდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარების გაუმჯობესებას და დეოკუპაციის პროცესს. სხვა ნებისმიერ პროცესს ვერ დაერქმევა ვითარების გაუმჯობესება საქართველოსა და რუსეთს შორის“, – განაცხადა დარსალიამ.