ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების განცხადებით, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გადამსვლელი პუნქტების დახურვა ვითარების ესკალაციას იწვევს
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების განცხადებით, სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გადამსვლელი პუნქტების დახურვა ვითარების ესკალაციას იწვევს.
„სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გადამსვლელი პუნქტების დახურვა, დამატებით პრობლემებს უქმნის ადგილობრივებს და კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას.
ჩვენ ვეკონტაქტებით ყველა მხარეს. მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ცალმხრივი ნაბიჯებისგან, რაც ნეგატიურად აისახება კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და ძირს უთხრის სტაბილურობას ადგილზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ავტორები მოუწოდებენ ჟენევის საერთაშორისი დისკუსიების ყველა მონაწილეს, არსებული მექანიზმის ფარგლებში შეეცადონ გამოსავლის მოძიებას.
„გადამწყვეტია, რომ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას დამატებითი სირთულეები არ შეექმნას და მათი უფლებები, მათ შორის გადაადგილების თავისუფლება, სრულად იყოს დაცული. ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს და სხვა შემაშფოთებელი თემები განვიხილოთ მომდევნო კონსულტაციების დროს“, – ნათქვამია ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების განცხადებაში.