ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ს მოსახლეობის ფონდის ჟენევის ოფისის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა
ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემგაერო-ს მოსახლეობის ფონდის ჟენევის ოფისის ხელმძღვანელთან, მონიკა ფეროსთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა როგორც ჟენევაში, ასევე UNFPA-ს თბილისის ოფისთან არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას.
„UNFPA-ს წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობასთან ჩამოყალიბებულ წარმატებულ ურთიერთობებზე. ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე საუბრისას, მან მაგალითად მოიყვანა გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით, სახელმწიფო ფონდის მიერ, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაზე ჯანდაცვის სისტემის რეაგირების გასაუმჯობესებლად, განხორციელებული პროექტი „ჯანდაცვის რეაგირება ოჯახში ძალადობაზე/გენდერულ ძალადობაზე“ (Healthcare Response to DV/GBV).
მონიკა ფერომ ასევე ისაუბრა ა.წ. მარტში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით ჩატარებულ მაღალი დონის პანელზე „Good Human Rights Stories about Women Empowerment and Gender Equality”, რომელშიც საქართველომ მონაწილეობა მიიღო, როგორც ერთ-ერთმა ქვეყანამ მსოფლიოს 15 სახელმწიფოს შორის, რომელიც ევროკავშირმა გაეროსთან ერთად ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მსოფლიოს საუკეთესო მაგალითებში შეიყვანა. მონიკა ფერომ აღნიშნა, რომ საქართველოს დელეგაციის გამოსვლის ფარგლებში წარმოდგენილი ვიდეო მასალა, რომელიც UNFPA-ს მხარდაჭერით მომზადდა, არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა.
მონიკა ფერომ, ასევე იმედი გამოთქვა, რომ გარდა ჯანდაცვის, ადამიანის, უფლებათა და მიგრაციის საკითხებისა, საქართველოსთან თანამშრომლობა გაღრმავდება მონაცემთა შეგროვების მიმართებითაც, რაც სასურველი მიზნების მისაღწევად ძალზე მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.
საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა შეხვედრაზე UNFPA-ს ჟენევის ოფისის დირექტორს მადლობა გადაუხადა არსებული პროდუქტიული თანამშრომლობისთვის და საქართველოში გაერო-ს მოსახლეობის ფონდის აქტიური ჩართულობისთვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და ქალთა გაძლიერების საკითხები, ასევე სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები. აგრეთვე, ისაუბრა COVID-19-ის პირობებში, UNFPA-ს თბილისის ოფისის მყისიერ რეაგირებაზე და წარმატებით განხორციელებულ პროექტებზე. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე განიხილეს არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.