ვიქტორ დოლიძე 2020 წლის განმავლობაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას დაიკავებს
საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჟენევასთან აკრედიტებული გაერო-ს ორგანიზაციებში ვიქტორ დოლიძე 2020 წლისთვის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი იქნება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის 59-ე სესიაზე მხარეთა კონსენსუსის შედეგად მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მე-60 რეგულარული სესიის გარდა, დაგეგმილია გენერალური ასამბლეის საგანგებო სესია WIPO-ს გენერალური დირექტორის დანიშვნასთან დაკავშირებით, რომლის ეფექტიანად წარმართვაში, ორგანიზაციის საპროცესო წესების თანახმად, განსაკუთრებული როლი გენერალური ასამბლეის ვიცე პრეზიდენტებს დაეკისრებათ.
WIPO-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე ასევე დამტკიცდა WIPO-ს საკოორდინაციო კომიტეტის შემადგენლობა და შეთანხმდა, რომ კომიტეტში ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების (CEBS) ჯგუფიდან წარმოდგენილი იქნება ექვსი ქვეყანა: საქართველო, რუმინეთი, მოლდოვა, ლატვია, პოლონეთი და უნგრეთი. 2020 წელს, ასევე, დაგეგმილია WIPO-ს საკოორდინაციო კომიტეტის საგანგებო სხდომა, რომელზეც დასანიშნად წარდგენილ იქნება WIPO-ს საკოორდინაციო კომიტეტის მიერ შერჩეული კანდიდატი WIPO-ს გენერალური დირექტორის პოსტზე.