ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 47-ე რაუნდი დღეს დაიწყება. საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ქართული მხარე მწვავედ დააყენებს ირაკლი კვარაცხელიას, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობის საკითხს.
ასევე, ყურადღება გამახვილდება რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან უკანონო დაკავებებსა და გატაცებებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ჰუმანიტარულ პრობლემებზე, ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციაზე.
შეხვედრაზე განხილული იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის საკითხი. ყურადღება გამახვილდება რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამუდმებულ დარღვევებზე.
ასევე, დღის წესრიგის მთავარი საკითხი იქნება ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება.
ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია უხელმძღვანელებს.
მოლაპარაკებების 47-ე რაუნდი 3 აპრილს დასრულდება.