ჟენევაში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოსკოვი ვერ ხედავს ომის დასრულებას დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით და გაჭიანურებულ კონფლიქტს ელოდება
მოსკოვი ვერ ხედავს ომის დასრულებას დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით და ელის გაჭიანურებულ კონფლიქტს. „ბიბისის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, გენადი გატილოვმა განაცხადა.
გატილოვის თქმით, გაერო-მ უფრო დიდი როლი უნდა შეასრულოს კონფლიქტის დასრულების მცდელობაში.
მუდმივი წარმომადგენლის განცხადებით, მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც რუსეთმა და უკრაინამ გაერო-სთან და თურქეთთან გააფორმეს, წარმოადგენს ერთადერთ მაგალითს იმისა, თუ როგორ ითამაშა გაერო-მ პრაქტიკული როლი შუამავლობის მცდელობებში.
გატილოვმა, „ფაინენშალ თაიმსს“ ასევე განუცხადა, რომ მოსკოვი და კიევი ძალიან ახლოს იყვნენ აპრილის თვეში გამართულ მოლაპარაკებებზე და შეეძლოთ კონფლიქტის შეჩერება. მისივე თქმით, ის ამჟამად ვერ ხედავს დიპლომატიური კონტაქტების აღდგენის შესაძლებლობებს და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება კონფლიქტი, მით უფრო რთული იქნება დიპლომატიური გადაწყვეტის პოვნა.
მუდმივი წარმომადგენელი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობის ნაკლებობის და დასავლეთის მხრიდან უკრაინისადმი მიმდინარე სამხედრო მხარდაჭერის გამო, საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს კონფლიქტი. მან ასევე გამორიცხა რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა.