ჟენევაში „დიდი შვიდეულის“ სამიტის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
ჟენევაში „დიდი შვიდეულის“ სამიტის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა, პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ საფრანგეთში, ევიან-ლე-ბენში დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ სამიტს. როგორც „როიტერი“ წერს, რამდენიმე დემონსტრანტმა ქვები ესროლა გაერო-ს სატელეკომუნიკაციო შენობას, ასევე გამოიყენა მაშხალები, მაშინ, როდესაც პოლიცია ცდილობდა მათ ტერიტორიიდან გაყვანას, რის შემდეგაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
როგორც მედია იუწყება, დემონსტრანტებმა ქალაქის ცენტრში გამართული მსვლელობისას Tesla-ს მანქანას ცეცხლი წაუკიდეს. დემონსტრაციაში ათასობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის გარემოსდამცველები, ფემინისტური ჯგუფები, იმპერიალიზმის მოწინააღმდეგეები, პალესტინის მხარდამჭერები და სხვა აქტივისტები.
ცნობისთვის, „დიდი შვიდეულის“ სამიტი 15-17 ივნისს, საფრანგეთის ქალაქ ევიან-ლე-ბენში გაიმართება. სამიტს, სხვა ლიდერებთან ერთად, დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაახლოებით 16 000 პოლიციელი და ჟანდარმია განლაგებული.