ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების მოლაპარაკებები მიმდინარეობს
ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მოლაპარაკებებზე მხარეებს წარმოადგენენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უენდი შერმანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი.

გუშინ საღამოს შერმანმა და რიაბკოვმა წინასწარი კონსულტაციები გამართეს. როგორც რიაბკოვმა აღნიშნა, საუბარი რთული, თუმცა საქმიანი იყო.

მოლაპარაკებები რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ძალების მობილიზების ფონზე მიმდინარეობს. აშშ რუსეთს აფრთხილებს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მოსკოვს დიდი საფასურის გადახდა მოუწევს.

მოლაპარაკებებზე რუსეთის მთავარი მოთხოვნაა, მიიღოს გარანტიები, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება და რუსეთის საზღვართან რაკეტებს არ განათავსებს. თუმცა, აშშ-ში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების დროს „არავითარი მტკიცე ვალდებულება“ არ იქნება და განიხილება მხოლოდ უსაფრთხოების საკითხები.

რუსეთსა და დასავლეთს შორის მოლაპარაკებები 12 იანვარს გაგრძელდება, რა დროსაც ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართება. 13 იანვარს კი ვენაში მოლაპარაკებები ეუთო-ს ფარგლებში გაიმართება.