ჟან-მარი ლე პენს ევროპარლამენტისთვის 320 ათასი ევროს დაბრუნება დაეკისრა
ევროკავშირის სასამართლომ საფრანგეთის პარტიის „ნაციონალური ფრონტის“ დამფუძნებელსა და ყოფილ ლიდერს ჟან-მარი ლე პენს ევროპარლამენტისთვის 320 ათასი ევროს დაბრუნება დააკისრა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ანალოგიური გადაწყვეტილება სასამართლომ „ნაციონალური ფრონტის“ წევრი კიდევ ერთ ევროპარლამენტართან, ბრუნო გოლნიშთან დაკავშირებით მიიღო. მან ევროპარლამენტის ბიუჯეტში 276 ათასი ევრო უნდა დააბრუნოს.
ევროპარლამენტმა ჟან-მარი ლე პენი და მისი თანაპარტიელები თანაშემწეების ფიქტიური დასაქმებისთვის სახსრების გაფლანგვაში დაადანაშაულა. ჟან-მარი ლე-პენი ევროპარლამენტის წევრი 1984 წლიდან იყო.
ჟან-მარი ლე პენი „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერის პოსტზე 2011 წელს მისმა შვილმა მარინ ლე პენმა შეცვალა. 2015 წელს კი პარტიის დამფუძნებელი ანტისემიტური განცხადებების გამო „ნაციონალური ფრონტიდან“ გარიცხეს.