ჟან-ლუკ მელანშონი მიიჩნევს, რომ საფრანგეთის ახალ მთავრობას მომავალი არ აქვს და მის წევრებს გადადგომისკენ მოუწოდებს
მემარცხენე პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ დამფუძნებელი ჟან-ლუკ მელანშონი მიიჩნევს, რომ საფრანგეთის ახალ მთავრობას მომავალი არ აქვს და მის წევრებს დაუყოვნებლივ გადადგომისკენ მოუწოდებს.
„მაკრონის ახალი კატასტროფის ჟანრის ფილმის მსახიობთა შემადგენლობა ცნობილი გახდა. ამ გაერთიანებას არც ლეგიტიმურობა აქვს და არც მომავალი. ჩვენ რაც შეიძლება მალე უნდა მოვიშოროთ ის“, – წერს მელანშონი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ელისეს სასახლემ ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა 21 სექტემბერს დაასახელა. ახალი მთავრობის წევრთა უმრავლესობა მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის წარმომადგენლები არიან. მინისტრთა საბჭოს პირველი სხდომა ორშაბათს არის დანიშნული.
შეგახსენებთ, რომ მიშელ ბარნიე საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე 5 სექტემბერს წარადგინეს და ახალი კაბინეტის ფორმირებას ორ კვირაზე მეტი დასჭირდა.
საფრანგეთში ივლისში ჩატარებული რიგგარეშე არჩევნების შედეგად უმრავლესობა ვერც ყოფილმა მმართველმა პარტიამ და ვერც ოპოზიციურმა მემარჯვენე და მემარცხენე ძალებმა ვერ მოიპოვეს.
ფრანგული მედიის ცნობით, საფრანგეთის ახალ მთავრობას პირველი გამოცდა პირველ ოქტომბერს ელოდება, როდესაც ახალი პრემიერ-მინისტრი აპირებს თავისი პოლიტიკური პროგრამის წარდგენას ეროვნული ასამბლეის დეპუტატების წინაშე.