ჟან-კლოდ იუნკერი - ვიზიარებ ფრანგი ერის მწუხარებას, რომელიც ჩვენი საერთო მწუხარებაც არის
ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ყოველ წუთს თვალს ვადევნებ ხანძარს, რომელიც გრძელდება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, რომელიც არის მთელი კაცობრიობის მემკვიდრეობის ნაწილი. მან შთააგონა უამრავი მწერალი, მხატვარი, ფილოსოფოსი და მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩასული ტურისტი. რა სევდიანი სანახაობაა! როგორი ტრაგედიაა! მე ვიზიარებ ფრანგი ერის მწუხარებას, რომელიც ჩვენი საერთო მწუხარებაც არის“, – ნათქვამია ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებაში, რომელსაც ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში უკვე რამდენიმე საათია, ხანძარია. ბოლო ინფორმაციით, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხანძარი ტაძარში არსებულ რელიკვიებს არ შეხებია.
პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიკვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.