ჟან-კლოდ იუნკერი - საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი და ყოველთვის იყურებოდა ევროპისაკენ
ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა, ამ ძალიან ემოციურ ღონისძიებაში მონაწილეობა. დღეს გახლავთ ისტორიული მომენტი მთელი ევროპული საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა, მშვიდობისათვის და თავისუფლებისთვის ბრძოლა არის დაუსრულებელი გზა და საქართველოს აქვს ამბიცია, რომ გააგრძელოს ეს გზა, – ამის შესახებ ევროპის კომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ განაცხადა.
როგორც ჟან-კლოდ იუნკერმა აღნიშნა, საქართველომ ააშენა თავისი მომავალი დამოკრატიისა და თავისუფლების პრინციპებზე, ამასთან გაითავისა ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპები.
„თქვენ გადაწყვიტეთ, რომ აიღოთ თქვენი მომავალი საკუთარ ხელში და არასოდეს შეჩერებულხართ დამოუკიდებლობისათვის და თავისუფლებისათვის ბრძოლაში. საბოლოო ჯამში, თქვენ ამას მიაღწიეთ. ფაქტობრივად, მთელი საუკუნის განმავლობაში საქართველომ აამაღლა ის გადაწყვეტილებები, გააძლიერა ის სულისკვეთება, რომელიც 1918 წლის 26 მაისს იქნა მიღებული ეროვნულ დონეზე. საბოლოო ჯამში, საქართველომ დაიწყო თანამედროვე ბილიკზე სვლა. ქვეყანამ ააშენა თავისი მომავალი დემოკრატიისა და თავისუფლების პრინციპებზე, გაითავისა ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპები, ეს არ არის მხოლოდ სიტყვები და არ არის მხოლოდ მისწრაფება. ჩვენთვის ეს ყველაფერი ძალიან დიდი და თავდადებული მოღვაწეობის შედეგია“, – განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.
მისი თქმით, დემოკრატია არის ის გზა, რომელსაც ქართველმა ერმა უპირატესობა მიანიჭა 1918 წელს და დღესაც ეს სულისკვეთება საქართველოს მომავლისკენ სვლას განსაზღვრავს.
„საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი და ყოველთვის იყურებოდა ევროპისაკენ. გეოგრაფიულადაც ხართ დაკავშირებული ევროპასთან. ჩვენ ვართ დაწყვილებულები მრავალი საუკუნის მანძილზე. იწყება ახალი თავი ჩვენს ურთიერთობაში. მე რა თქმა უნდა, ყოველთვის ვემხრობი იმას, რომ ევროკავშირმა მუდამ შეტყობინება უნდა გამოუგზავნოს საქართველოს. ჩვენ არ შევწყვეტთ ურთიერთდახმარებას, გავაგრძელებთ იმის შენებას, რაც უკვე მიღწეულია და აშენებულია“, – განაცხადა ევროპის კომისიის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა გასულ წელს ევროპაში ვიზის გარეშე ჩასვლა შესძლეს და იმედი აქვს, რომ ქართველი სტუდენტები და მასწავლებლები ცოდნის გასამდიდრებლად ხშირად ჩავლენ ევროპაში.
„მილიონობით საქართველოს მაცხოვრებელმა გასულ წელს უკვე შესძლო, რომ ჩასულიყო ევროპაში ვიზის გარეშე. იმედი მაქვს, მრავალი მათგანი, ქართველი სტუდენტები თუ მასწავლებლები, ჩამოვლენ, რათა გაიმდიდრონ ცოდნა. მე ველი მათ ჩამოსვლას და რა თქმა უნდა, ხელგაშლილი შევხვდებით. ერთ-ერთი ნაკადის სტუმრობა ევროპაში სექტემბერში იგეგმება. ჩვენ მუდამ გავუწვდით ერთმანეთს ხელს და მუდამ დავიცავთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ იმ მიზნებს, რომელსაც ქართველი მშვიდობისმყოფელები ემსახურებიან მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში“, – განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.