ჟან-კლოდ იუნკერი - ევროპას აქვს პასუხისმგებლობა, ხშირად შეახსენოს თაობებს ჰოლოკოსტის დროს გადარჩენილთა ისტორიები
ჰოლოკოსტის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა. ჟან-კლოდ იუნკერი წერს, რომ ეს დღე არის შეხსენება მთელი მსოფლიოსთვის, თუ რაოდენ საზარელია რელიგიური და ეთნიკური ნიშნით სიძულვილი.
„ჰოლოკოსტის ხსოვნის დღემ უნდა შეგვახსენოს ყველას, რომ ეს იყო სიძულვილის, ბოროტებისა და ზიზღის გამოვლინება. ეს არის დღე, როცა ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ ყველას, ვინც ჰოლოკოსტს ისტორიულ ფაქტად არ განიხილავს და ეჭვი ეპარება მის არსებობაში. ეს არის დღე, როცა ჩვენ ვგმობთ სიძულვილსა და დევნას, ანტისემიტიზმს. ევროპაში გვჭირდება ძლიერი საზოგადოება, რომელიც წინ აღუდგება სიძულვილსა და ანტისემიტიზმს. ევროპის ქუჩებში ანტისემიტური სლოგანებისა და იდეების ადგილი არ არის“, – წერია განცხადებაში.
ჟან-კლოდ იუნკერმა წერილში აღნიშნა, რაც უფრო მეტად მცირდება ჰოლოკოსტის დროს გადარჩენილთა რაოდენობა, მით უფრო მეტი აუცილებლობა ჩნდება, საზოგადოებამ ხშირად მოისმინოს მათი ისტორიები.
მან განცხადებაში სიმონა ვეილი ახსენა, – საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი, რომელმაც ბავშვობის წლები ოსვენციმისა და ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკებში გაატარა. იგი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ვეილი 2017 წელს გარდაიცვალა.
„როგორც სიმონ ვეილი ამბობდა, ჩვენ უნდა გავავრცელოთ ჰოლოკოსტის დროს გადარჩენილი ადამიანების მოთხრობილი ისტორიები იმ მიზნით, რომ მათი ისტორია არ დაიკარგოს, არ გაუჩინარდეს წლებთან ერთად… ჩვენ გვაქვს მორალური პასუხისმგებლობა, ამ ადამიანების ამბავი ევროპის კოლექტიურ მეხსიერებასა და მომავალ თაობებს შემოვუნახოთ. ევროკომისია თანამშრომლობს ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა უფრო მეტად განმტკიცდეს ჩვენი კავშირი და ურთიერთობა“, – წერს იუნკერი.
ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 2018 წელს მსოფლიო იმ ისტორიული დღის 73 წლისთავს აღნიშნავს, როცა ალიანსის ჯარებმა ნაცისტური გერმანიის მიერ დატყვევებული ადამიანები საკონცენტრაციო ბანაკებიდან გაათავისუფლეს.