ჟან კლოდ იუნკერი - ბულგარეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ორგანიზაციისთვის კრიტიკულ დროს გახდა
ჟან კლოდ იუნკერი - ბულგარეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ორგანიზაციისთვის კრიტიკულ დროს გახდა

ბულგარეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ამ ორგანიზაციისთვის კრიტიკულ დროს გახდა. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ბულგარეთის დედაქალაქიდან იუწყება, ეს განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა სოფიაში გამართულ მიღებაზე გააკეთა.

მისი თქმით, მას განსაკუთრებულად უყვარს ბულგარეთი და ამ ქვეყნის კულტურა.

მისივე თქმით, ლუქსემბურგის ფინანსთა მინისტრობის დროს სწორედ მან მოაწერა ხელი შეთანხმებას, რომელიც ბულგარეთის ევროკავშირში გაწევრიანებას უხსნიდა გზას.

“მჯერა, რომ ბულგარელების ადგილი ევროპაში, შენგენის ზონასა და ევროზონაშია. კომისია ბულგარეთის გვერდით დგას. ძალა ერთობაშია.” – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

იუნკერის თქმით, მას სჯერა, რომ ბულგარეთის პრემიერს შეუძლია ევროკავშირის ერთიანობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.

ბულგარეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა პირველად გახდა. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ბულგარეთიდან იუწყება, სოფიაში ამასთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ ევროკავშირის ლიდერები, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი და ევროპარლამენტის თავმჯდომარე. სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მათ ბულგარეთს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსის მიღება მიულოცეს. მიღება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.