ჟაირ ბოლსონარუმ ამაზონის ტყეში ხანძართან საბრძოლველად ჯარისკაცების გაგზავნის განკარგულება გასცა
ჟაირ ბოლსონარუმ ამაზონის ტყეში ხანძართან საბრძოლველად ჯარისკაცების გაგზავნის განკარგულება გასცა

ბრაზილიის პრეზიდენტმა ამაზონის ტროპიკულ ტყეში მძვინვარე მასშტაბურ ხანძართან საბრძოლველად ჯარისკაცების გაგზავნის განკარგულება გასცა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ჟაირ ბოლსონარუს ბრძანების თანახმად, სამხედრო მოსამსახურეები ცეცხლის ჩაქრობას უშუალოდ ტყეში, ასევე ამაზონის მკვიდრი მოსახლეობის ტერიტორიასა და სასაზღვრო რეგიონებში შეეცდებიან. განკარგულება ერთთვიანია.

აღნიშნული გადაწყვეტილება ბრაზილიის პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც ევროპულმა ქვეყნებმა მას სტიქიასთან ბრძოლაში გაცილების აქტიური ზომების მიღებისკენ მოუწოდეს. რამდენიმე ქვეყანა ევროკავშირსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის მასშტაბური სავაჭრო შეთანხმების დაბლოკვითაც დაიმუქრა.

მოქალაქეებმა კი, ბრაზილიის სხვადასხვა ქალაქებში მასშტაბური დემონსტრაციები გამართეს. მათ ჟაირ ბოლსონარუს ამაზონზე გაჩენილი მასშტაბური ხანძრის ჩასაქრობად გაცილებით აქტიური ზომების მიღებისკენ მოუწოდეს. დემონსტრაციები გაიმართა ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებშიც. აქტივისტებმა მანიფესტაციები ბრაზილიის საელჩოების წინ გამართეს.

დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ხანძართან გასამკლავებლად ბრაზილიისთვის დახმარების გაწევისთვის მზად არის.

ამჟამად „დედამიწის ფილტვებად“ წოდებულ ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა დაფიქსირებული. ამაზონის ტყეში ხანძარი გლობალური ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეა, რადგან ეს ტროპიკული ტყე პლანეტის ჟანგბადის 20 პროცენტს გამოიმუშავებს.