„დირსის” საცხოვრებელ კორპუსში შესახლებული დევნილები შიმშილობას აგრძელებენ. ცოტა ხნის წინ მათ შენობაში სასმელი წყლისა და საჭმლის შეტანა დააპირეს, თუმცა მათ ამის უფლება არ მისცეს.
ადგილზე იმყოფება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე.
როგორც დევნილებმა საქართველოს პირველ არხთან საუბარში აღნიშნეს, 12 წლის დევნილი გოგონა გახდა შეუძლოდ, რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.
მათი თქმით, სამართალდამცველებმა გოგონასთვისაც არ შეატანინეს საკვები და წყალი.
დევნილები ამბობენ, რომ შენობაში არანაირი საცხოვრებელი პირობები არ არის და სიცივეში უწევთ ყოფნა.
,,დირსის“ საცხოვრებელ კორპუსში შესახლებული 150-მდე ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას მოითხოვს. დევნილები ამბობენ, რომ ისინი ფართების დატოვებას არ აპირებენ.
დევნილებმა საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართული გუშინ დაიკავეს. ისინი ფართების გადაცემას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციებს გააგრძელებენ. დევნილების თქმით, მათი უმეტესობა ქირით ცხოვრობს.