დიპლომატიური სკანდალის გამო კანადამ და ინდოეთმა ერთმანეთის ელჩები გააძევეს
დიპლომატიური სკანდალის გამო კანადამ და ინდოეთმა ერთმანეთის ელჩები გააძევეს. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელი ჯოლიმ განაცხადა, რომ ინდოელ დიპლომატს ქვეყნის დატოვება მას შემდეგ მოსთხოვეს, რაც დაზვერვამ განაცხადა, რომ ინდოეთის სახელმწიფო მოქმედი პირები, შესაძლოა, კანადელი სიქჰების ცნობილი ლიდერის, ჰარდიპ სინგ ნიჯარის მკვლელობის უკან იდგნენ.
კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ აღნიშნა, რომ გამოძიება მიმდინარეობს „სანდო ბრალდებებზე“ იმის შესახებ, რომ ჰარდიპ სინგ ნიჯარის გარდაცვალების უკან, შესაძლოა, ინდოეთის სახელმწიფო წარმომადგენლები დგანან.
ელჩის გაძევების საპასუხოდ, ინდოეთის მთავრობამ ინდოეთში მყოფ კანადელ დიპლომატს ქვეყნის დასატოვებლად ხუთდღიანი ვადა მისცა. ინდოეთმა უარყო ბრალდებები და მათ „აბსურდული და მოტივირებული“ უწოდა.
ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბრალდებები მიზნად ისახავს ყურადღების გადატანას ხალისტანის ტერორისტებისა და ექსტრემისტებისგან, რომლებსაც თავშესაფარი აქვთ კანადაში და საფრთხის შექმნას აგრძელებენ ინდოეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობისთვის.
კანადაში ასიათასობით ინდური წარმოშობის ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან ბევრი სიქჰია.