დიპლომატის დღის აღსანიშნავად თსუ-ს მიხეილ ჯანელიძე ესტუმრება და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებებზე ისაუბრებს
დიპლომატის დღესთან დაკავშირებით, 2017 წლის 12 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტერაქციული შეხვედრა გაიმართება – „ერთი დღე ქართველ დიპლომატთან“. ღონისძიებას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გახსნის და მიმოიხილავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებებს და უწყების საქმიანობის პრიორიტეტებს.
ღონისძიება ღია კარის ფორმატის პრინციპით ჩატარდება და სტუმრებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის მიმართულებებს, უწყების სტრუქტურულ ერთეულებსა და იქ მომუშავე თანამშრომლებს.
ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმოდგენილი იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტების კუთხეები, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით და ასევე უშუალოდ გაესაუბრონ სამინისტროს თანამშრომლებს.
თსუ-ში დაგეგმილ შეხვედრაზე საინფორმაციო პრეზენტაციებით წარდგებიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, რომლებიც უკვე მათი საკურაციო სფეროების მიმართულებით გააცნობენ საზოგადოებას სამინისტროს საქმიანობას.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი დიპლომატები, სტუდენტები, პროფესორები, ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები. ქართული დიპლომატიის დღე 3 ნოემბერს აღინიშნება, თარიღი დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.