დინო ჰამზიჩი - ფინანსურად უკეთეს შემოთავაზებას თუ მივიღებ, „ჩიხურას“ დავტოვებ
დინო ჰამზიჩი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. საჩხერის “ჩიხურას” ბოსნიელმა მეკარემ გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ ფინალურ შეხვედრაში ქუთაისის “ტორპედოსთან” გუნდის წარმატებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა – პენალტების სერიაში 28 წლის კიპერმა ორი დარტყმა მოიგერია და საჩხერელებს თასი მოაპოვებინა.
ფინალური მატჩის გმირს დინო ჰამზიჩი პირველ არხთან ამბობს, რომ ჯერ არ იცის, დარჩება თუ არა „ჩიხურაში“.
„საბედნიეროდ, თასი მოვიპოვეთ და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრის ბოლო შანსი გამოვიყენეთ. მაგრამ ჯერ არ ვიცი, “ჩიხურაში” დავრჩები თუ სხვა გუნდთან. კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ მიმთავრდება, მაგრამ ფინანსურად უკეთეს შემოთავაზებას თუ მივიღებ, დავთანხმდები. თავის მხრივ, “ჩიხურაში” ჩემს მიმართ კარგი დამოკიდებულება გააჩნიათ და სურთ, რომ დავრჩე და ევროპის ლიგაზე ვითამაშო. ყველაფერი უახლოეს პერიოდში გაირკვევა“. – ამბობს ჰამზიჩი.