ჰამზიჩი „ტორპედოში“ ბრუნდება - ქუთაისური გუნდი სამმა ლეგიონერმა დატოვა #1TVSPORT
ჰამზიჩი „ტორპედოში“ ბრუნდება - ქუთაისური გუნდი სამმა ლეგიონერმა დატოვა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედო“ თურქულ შეკრებაზე რამდენიმე ლეგიონერის გარეშე გაემგზავრა. გია ცეცაძემ გუნდი ქუთაისში შეკრიბა და თურქეთში გაემგზავრა, სადაც გუნდმა ორი შეკრება დაგეგმა.

ცნობილი იყო, რომ გუნდი პალესტინელმა თავდამსხმელმა ფადი ზიდანმა დატოვა. ახლა ცნობილი გახდა, რომ მასთან ერთად ქუთაისის „ტორპედო“ ალჟირელმა შემტევმა მუჰამედ ელ მეჰდი ბოუკასიმ და ბელარუსმა ნახევარმცველმა დმიტრი რეკიშმაც დატოვეს.

ქუთაისის „ტორპედოში“ ბოსნიელი მეკარე დინო ჰამზიჩიც ბრუნდება, რომელიც ქუთაისური გუნდის მთავარი მეკარე იყო როინ კვასხვაძის დაბრუნებამდე, ხოლო კახა ჩხეტიანის მისვლის შემდეგ „ტორპედო“ დატოვა – ეს ზაფხულში მოხდა.

დინო ჰამზიჩი საქართველოში, საჩხერეს „ჩიხურაში“ 2016 წლის მარტში ჩაირიცხა. 2017 წლის 2 დეკემბერს, „ჩიხურას“ თამაშის დროს, ბოსნიელმა მეკარემ გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალურ შეხვედრაში ქუთაისის „ტორპედოსთან” გუნდის წარმატებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა – პენალტების სერიაში ორი დარტყმა მოიგერია და საჩხერელებს თასი მოაპოვებინა. ჰამზიჩმა კარიერაში მეორე ტიტული მოიგო და ფინალის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

ბოსნიელმა მეკარემ საქართველოს ეროვნულ ლიგაში საჩხერეს „ჩიხურას“ ფორმა წელს 2-ჯერ მოირგო, მაგრამ ფინანსურ საკითხზე გუნდთან შეუთანხმებლობის გამო გუნდი პანდემიით გამოწვეული პაუზის დროს 2020 წელს დატოვა, 2021 წელს კი ქუთაისის „ტორპედოში“ გადავიდა.

გუნდის მთავარ მწვრთნელს, გია ცეცაძეს და კლუბის პრეზიდენტს, დავით კერესელიძეს პორტუგალიური „ნასიონალიდან“ გიორგი არაბიძის ტრანსფერის გამოსყიდვა სურდათ, მაგრამ ჯერ ეს ვერ ხერხდება, გიორგი კი პორტუგალიაში 12 იანვარს გაემგზავრება.