„ტორპედოდან“ წასული ჰამზიჩი ბოსნიურ კლუბში ჩაირიცხა #1TVSPORT
„ტორპედოდან“ წასული ჰამზიჩი ბოსნიურ კლუბში ჩაირიცხა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილი მეკარე დინო ჰამზიჩი სამშობლოში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში დაბრუნდა, კარიერას კი კონიცას „იგმანში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

34 წლის გამოცდილმა მეკარემ პროფესიული კარიერა 2007 წელს ბოსნია-ჰერცეგოვინას ჩემპიონატის კლუბ „სარაევოში“ დაიწყო. 2012 წელს გააფორმა კონტრაქტი სარაევოს „ოლიმპიკთან“. 2014 წლის ზაფხულში გადავიდა პოლონეთის მეორე ლიგის კლუბ „ვიძევში“, თუმცა გუნდში არ დარჩა და 2015 წლის ზამთარში „ოლიმპიკში“ დაბრუნდა, სადაც პირველად გახდა თასის მფლობელი (2015).

საქართველოში 2016 წლის 8 მარტს ჩამოვიდა და საჩხერეს „ჩიხურაში“ ჩაირიცხა. ამ კლუბში 2017 წელს კვლავ თასის (ამჯერად, საქართველოს) გამარჯვებული გახდა და ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

2020 წელს ბოსნიაში დაბრუნდა და ისევ „ოლიმპიკში“ ჩაირიცხა, მაგრამ 2021 წლიდან ქუთაისის „ტორპედოში“ გადავიდა, სადაც მესამედ გახდა თასის მფლობელი (2022), მაგრამ უთამაშებლობის გამო კლუბი დატოვა.

დინო ჰამზიჩი 2009-2010 წლებში იყო ბოსნია და ჰერცეგოვინას 21 წლამდე ნაკრების წევრი, რომლის ფორმითაც ორი მატჩი ჩაატარა. გარკვეული პერიოდი ის ეროვნული ნაკრების კანდიდატადაც ითვლებოდა.