ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-3 ტურის პირველი მატჩი „დინამო არენაზე” გაიმართა – გასული სეზონის ვიცე-ჩემპიონმა თბილისის “დინამომ” მესამეადგილოსან “სამტრედიას” უმასპინძლა და იოლად დაამარცხა.
სტუმრების ერთადერთი თავდამსხმელი მაიკლ ოლაიანი წინა ტურში ბოლნისის ”სიონთან” მატჩის დროს დაშავდა, ამიტომ იძულებული გახდნენ, თბილისელთა წინააღმდეგ თავდასხმაში ნახევარმცველი ლუკას ვეილი წაეწიათ. სტუმრები შეტევაში ვერაფერს ახერხებდნენ, თუმცა მათ ყველაზე მეტი პრობლემა დაცვაში ექმნებოდათ.
ამის ხარჯზე, მატჩის დასაწყისშივე თბილისელები ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ. მე-10 წუთზე, გიორგი ივანიშვილის პასით ანგარიში ბუდუ ზივზივაძემ გახსნა, ხოლო მე-13 წუთზე ”დინამოს” უპირატესობა აკაკი შულაიამ გაზარდა 2:0.
84-ე წუთზე გიორგი კუციამ შორეული დარტყმით სტუმართა კარი მესამედაც აიღო, 89-ე წუთზე კი ”სამტრედიას” ჰოლანდიელმა ლეგიონერმა ლუკას ვეილიმ პენალტი გამოიყენა – ”დინამომ” 3:1 გაიმარჯვა, სამი ტურის შემდეგ ექვსი ქულა დააგროვა და ლიდერ ”საბურთალოს” დაეწია.
18 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მთავარ არენაზე ”საბურთალო” 16:00 საათზე გორის ”დილას” შეხვდება – მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.