თბილისის „დინამომ“ „საბურთალოს“ წაგებით ისარგებლა, ფოთის „კოლხეთთან“ მოიგო და კონკურენტს დაეწია.
„დინამო არენაზე“ თბილისელები ფოთის „კოლხეთს“ შეხვდნენ და პირველივე ტაიმში უპირატესობა მოიპოვეს – მე-13 წუთზე ანგარიში ბუდუ ზივზივაძემ გახსნა, ხოლო მე-40 წუთზე ოთარ კიტეიშვილმა პენალტით მეტოქის კარი მეორედ აიღო 2:0.
შესვენების შემდეგ თბილისელებმა კიდევ ორჯერ გაიტანეს – კიტეიშვილმა, რომელიც „დინამოში“ საუკეთესო იყო, 47-ე წუთზე დუბლი შეასრულა, ხოლო 85-ეზე თავი ლევან ხარაბაძემ გამოიჩინა. ფოთელებმა მხოლოდ ერთის გატანა მოახერხეს – 81-ე წუთზე ეს ლაშა გოგონაიამ შეძლო და „დინამომ“ 4:1 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ 54-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ პენალტი ვერ გამოიყენა, რაც ამ სეზონის უკვე მეორედ მოუვიდა.
ამგვარად, „დინამომ“ 18 ქულა დააგროვა, იმდენი, რამდენიც „საბურთალოს“ აქვს, თუმცა ბურთების უკეთესი სხვაობით გალიდერდა. რაც შეეხება „კოლხეთს“, ფოთელები 7 ქულით ბოლოდან მესამე ადგილზე არიან.