გაერო-ში აშშ-ის ელჩობის კანდიდატად დასახელებულმა დინა პაუელმა შეთავაზებული თანამდებობის დაკავებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
დინა პაუელი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ბანკის Goldman Sachs-ის აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენელია და გავრცელებული ცნობით, მან ამ პოსტზე დარჩენა ისურვა. პაუელმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მისი კანდიდატურის განხილვისთვის.
როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამ თანამდებობის დაკავების მსურველი ბევრია. ტრამპი ასევე განიხილავს კანადაში აშშ-ის ელჩის, კელი კრაფტის კანდიდატურას, ისევე როგორც შინაგან საქმეთა დეპარტამენტის მდივანს, რაიან ცინკეს.
ელჩის კანდიდატურა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ნიკი ჰეილიმ წლის ბოლოს თანამდებობიდან წასვლის შესახებ პრეზიდენტი გააფრთხილა.