დიმიტრი შაშკინი - უფასო ფაკულტეტებისთვის ექვსი წლის მანძილზე 120 მილიონი ლარი ჰაერში გაისროლეს
დიმიტრი შაშკინი - უფასო ფაკულტეტებისთვის ექვსი წლის მანძილზე 120 მილიონი ლარი ჰაერში გაისროლეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია აუდიტის სამსახურის მიერ ორი კვირის წინ გამოქვეყნებულ დასკვნას, სადაც მისი თქმით, საუბარია, რომ უმაღლესი განათლების პრიორიტული მიმართულებები შრომის ბაზარს არ შეესაბამება​.

როგორც დიმიტრი შაშკინმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უფასო ფაკულტეტები 2013 წლიდან მოქმედებს, რაზეც სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული თანხა გამოიყო. მისი თქმით, საუბარია 120 მილიონ ლარზე, რომელსაც შედეგი არ მოჰყოლია.

„22 მარტს საქართველო აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა გამოაქვეყნა დასკვნა განათლების სამინისტროს უმაღლესი განათლების დაფინანსების სამინისტროს პრიორიტეტების შესახებ. ამ დასკვნაში წერია, რომ ეს პრიორიტეტები არ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს და არ არის რელევანტური, გაუგებარია სად იხარჯება ფული. ორი კვირის განმავლობაში არანაირი რეაქცია სახელმწიფო უწყებების მხრიდან ამ დასკვნაზე არ არის. ამიტომ, მინდა აგიხსნათ, რაზე ისაუბრა აუდიტის სამსახურმა. საუბარი არის იმაზე, რომ 2013 წელს გიორგი მარგველაშვილის მინისტრობის პერიოდში იყო მიღებული გადაწყვეტილება უფასო ფაკულტეტების გახსნასთან დაკავშირებით. ვსაუბრობდით, რომ არასწორი გადაწყვეტილება იყო. შედეგად, მივიღეთ ის, რომ პროგრამა იყო მიჩნეული არაეფექტურად. ეს ფული გაიფლანგა, საუბარი არის 120 მილიონ ლარზე. ექვსი წლის განმავლობაში ეს ფული გაისროლეს ჰაერში,“ – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.