დიმიტრი შაშკინი - სპორტულ ცენტრებში დასაქმებული 900-მდე ადამიანი სამი თვეა უმუშევარია, მთავრობამ მათ უნდა უთხრას, როდის შეძლებენ მუშაობის განახლებას
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ ფიტნეს და სპორტულ ცენტრებში დასაქმებული 900-მდე ადამიანი სამი თვეა უმშევარია და მთავრობამ მათ უნდა უთხრას, როდის შეძლებენ მუშაობის განახლებას.
როგორც დიმიტრი შაშკინმა აღნიშნა, ეს ხალხი ითხოვს პასუხს კითხვაზე, რატომ არ იხსნება ფიტნეს დარბაზები და სპორტული ცენტრები.
„მარტო თბილისში, დაახლოებით 900 ადამიანი მუშაობდა ფიტნეს ცენტრებში და სპორტულ დარბაზებში. მუშაობდა, რათა საკუთარი ოჯახები შეენახათ და უკვე სამი თვეა უმუშევრები არიან. მათ შევხვდი, მთავრობისგან განსხვავებით და ეს ხალხი ითხოვს ერთადერთს, პასუხს შეკითხვებზე. მთავრობა არსებობს ხალხისთვის და არა პირიქით, ხალხი მთავრობისთვის. ამ ხალხს აქვს ძალიან მარტივი შეკითხვები, ევროპაში და ამერიკაში რატომ არის დარბაზები გახსნილი და ექიმების რეკომენდაციებით მუშაობს, რათა იმუნიტეტი გაძლიერდეს ხალხში და ამ ვირუსთან ბრძოლის მთავარი მექანიზმი არის იმუნიტეტი. სპორტულ დარბაზსა და ფიტნეს ცენტრს რატომ აქვს უფრო დიდი რისკი, ვიდრე სავაჭრო ცენტრებს, ბაზრობებს და მეტროს. მათი მოთხოვნა კი არ არის, რომ გინდა თუ არა ხვალ გახსენი, მათი მოთხოვნაა, რომ აგვიხსენით, რა არის გასაკეთებელი, რომ ჩვენ ვიმუშაოთ. 900 ადამიანის უკან ოჯახები დგას“, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.