დიმიტრი შაშკინი - პრეზიდენტის მრჩევლის პოსტზე დანიშნული დიმიტრი ლეჟავა „კაგებეს“ მოქმედი თანამშრომელია
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის პოსტზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში დიმიტრი ლეჟავას დანიშვნა მიუღებელია.
დიმიტრი შაშკინმა დიმიტრი ლეჟავას „კაგებეს“ მოქმედი თანამშრომელი უწოდა.
შაშკინის ინფორმაციით, ლეჟავა „კაგებეს“ ოფიცრის პოსტზე 17 წლის განმავლობაში მუშაობდა, მათ შორის 1989 წლის 9 აპრილსაც.
შაშკინის აზრით, წარმოუდგენელია, რომ თანამდებობაზე დანიშვნის წინ ქართულ კონტრდაზვერვას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონოდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი განმარტავს, რომ უწყებამ ამის შესახებ იცოდა და მაინც დათანხმდა ლეჟავას პოსტზე დანიშვნას.
„ყოფილი „კაგებეს“ ოფიცერი არ არსებობს, ნურავის ნუ გონია, რომ ბევრი დრო გავიდა და რაიმე შეიცვალა. ვინც არ იცის, იმათ მინდა შევახსენო, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა გაიტანა საქართველოდან „კაგებეს“ ყველა არქივი, ოფიცრების დოსიეები და პირადი საქმეები. ეს ყველაფერი ახლა არის მოსკოვში. არ უნდა იყო ახლა დ ძალიან დიდი ექსპერტი იმისათვის, რომ მიხვდე თუ რამდენად დიდი ბერკეტი აქვს რუსეთს ამ ადამიანებზე ზეგავლენას მოსახდენად. საქართველოს კონტრდაზვერვისთვის როგორც ჩანს, არ იყო საკმარის ის, რომ ამ ადამიანის პირადი საქმე და დოსიე ინახება მოსკოვში“, – აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლუსტრაციის კანონის შემოღების აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ მსგავსი კანონის ამოქმედება აუცილებელია, რათა მსგავსი პირები საქართველოში მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ვეღარ მოხვდნენ.