დიმიტრი შაშკინი - „ბიბისის“ სტატია და ინტერპრეტაციები, რომლებიც ამას მოჰყვა, არის მცდელობა, გადაფარონ ბაობაბების, ჩამოშლილი რიკოთისა და მოსამართლეების დასანქცირების სკანდალი
„ბიბისის“ სტატია და ის ინტერპრეტაციები, რომლებიც ამას მოჰყვა „რუსული ოცნების“ მხრიდან, არის მცდელობა, გადაფარონ ბაობაბების სკანდალი, ჩამოშლილი რიკოთის სკანდალი და მოსამართლეების დასანქცირების სკანდალი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დიმიტრი შაშკინმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
როგორც დიმიტრი შაშკინმა აღნიშნა, მოსამართლეების დასანქცირებისა და „ბიბისის“ სტატიის ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება.
„ნუ შეადარებთ მოსამართლეების დასანქცირებას სტატიასთან, რადგან იქ არის ბლინკენი, რომელიც საუბრობს იმაზე, რომ მოსამართლეებს ახასიათებს მნიშვნელოვანი კორუფცია, აქ საუბრობს ჟურნალისტი, რომელმაც ჩაატარა თავისი გამოძიება. იქვე თავის გამოძიებაში ჟურნალისტი ალალად ამბობს, რომ მას არ აქვს არანაირი ფაქტი, მტკიცებულება დავით კეზერაშვილის ბრალდების წინააღმდეგ. ბუნებრივია, რომ „რუსული ოცნების“ ლიდერებს ეს ფრაზა არ მოეწონათ და ამ ფრაზას არ იყენებენ. კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ჯობია, გებელსის გამოსვლების კრებულების ნაცვლად, წაიკითხონ კლასიკა, განსაკუთრებით, წაიკითხონ ბიბლია. ის ფული, რომელიც მოიპარეს რიკოთის მშენებლობაზე, სხვა სამყაროში იმ ფულს ვერ წაიღებენ, ამაზე იფიქრონ, ხალხს მოახმარონ, მოპარვა ცოდვა და ცუდია, რომ იპარავ, ხალხს რომ პარავ, განსაკუთრებით ცუდია“, – განაცხადა შაშკინმა.
„ბიბისიმ“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.