დიმიტრი საძაგლიშვილი - სააკაშვილის მდგომარეობა თანდათან უარესდება, სასიცოცხლოდ აუცილებელია, პირად ექიმს ჰქონდეს მისი მონახულების შესაძლებლობა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, სააკაშვილის პირად ექიმს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლასთან დაკავშირებით ჯერ პასუხი არ მიუღია.
მისივე თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა თანდათან უარესდება.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ექიმს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პასუხი არ აქვს მიღებული. იმედი გვაქვს, რომ მალე იქნება პასუხი გაცემული, ვინაიდან სააკაშვილის მდგომარეობა თანდათან უარესდება და ეს ლოგიკურიც არის. ალბათ, მომდევნო დღეებში კიდევ გაუარესდება. შიმშილობის სპეციფიკიდან გამომდინარე მოსალოდნელია“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ადვოკატის განმარტებით, ამ პირობებში, სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ პირად ექიმს ჰქონდეს შესაძლებლობა, მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ექიმმა ისაუბრა მის დაავადებაზე. მას აქვს სრული ინფორმაცია მის ჯანმრთელობახე და უპრიანი იქნება, რომ მას ჰქონდეს სამედიცინო სერვისის გაწევის შესაძლებლობა.
რეალურად, პროცედურულად არ არის გათვლისწინებული პერიოდულობა. და არ არის სტანდარტული სიტუაცია, როცა საჯარო ინფორმაციას ითხოვ და 10 დღეში უნდა გაგცენ პასუხი. პატიმარი შიმშილობს და ასეთ განცხადებებზე დაუყოვნებლივ უნდა ხდებოდეს რეაგირება“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. ამასთან, ადვოკატი აღნიშნავს, რომ იუსტიციის სამინისტროს განცხადებაზე სააკაშვილთან საუბარი არ ჰქონია.
„იუსტიციის სამინისტროს მიმართვაზე საუბარი არ გვქონია. ერთადერთი მისი მოთხოვნაა, ნიკა ყიფშიძეს ჰქონდეს მისი ნახვის საშუალება. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. რაც შეეხება კითხვას, შედის თუ არა ჩვენს ინტერესში ასეთი ჯგუფის მონიტორინგი, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას. ასევე უარი თქვა სამედიცინო ჩარევაზე“, – აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტროში გუშინ განაცხადეს, რომ თხოვნით მიმართეს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და დეტალური ანალიზის მიზნით, ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი გამოიყოს.
მათივე განმარტებით, მედიკოსების ჯგუფის მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა.