დიმიტრი რაზუმკოვი - მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შემოშვება სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ეს საკითხი სატელეფონო ზარით არ უნდა წყდებოდეს
დიმიტრი რაზუმკოვი - მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შემოშვება სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ეს საკითხი სატელეფონო ზარით არ უნდა წყდებოდეს

ოდესის ოლქის ექსგუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესვლის ნებართვაზე გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს და ეს საკითხი სატელეფონო ზარით არ უნდა წყდებოდეს, – ასეთი შინაარსის განცხადება გააკეთა უკრაინაში არჩეული პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის შტაბის სპიკერმა დიმიტრი რაზუმკოვმა.

დიმიტრი რაზუმკოვმა განაცხადა, რომ ჯერ არ იცის, რა კონტექსტში შეიძლება მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობა და აღნიშნა, რომ დღეს ეს არ არის განხილვის საგანი.

„რაც შეეხება იმას, რომ მან მიმართა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს ქვეყანაში შემოსვლაზე არსებული შეზღუდვების გასაუქმებლად, ვთვლი, რომ ყველამ კანონის პატივისცემით უნდა იმოქმედოს, ასევე საკუთარი ინტერესები უნდა დაიცვას სასამართლოში. რაც შეეხება მიდგომებს, არავის არ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ მსგავსი საკითხები სატელეფონო ზარის მეშვეობით გადაწყვიტოს. მიხეილ სააკაშვილი კარგი პოლიტიკოსია. მან საქართველოში ბევრი წარმატებული რეფორმა განახორციელა, განსაკუთრებით კი შსს-ს რეფორმა, რამაც კორუფციის დონე მნიშვნელოვნად შეამცირა. თუმცა, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ სატელეფონო საუბრებით, მსგავსი საკითხები არ უნდა წყდებოდეს პრეზიდენტის მხრიდან“, – განაცხადა დიმიტრი რაზუმკოვმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ შუამდგომლობა წარადგინა, რომ უკრაინაში ჩასვლის აკრძალვა მოუხსნან.