მსოფლიო ბანკის წარმომადგენლების განცხადებით, საქართველო კრიპტოვალუტების წარმოების მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაციის მთავარი ეკონომისტი ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონში ჰანს ტიმერი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე საქართველოში კრიპტოვალუტებისა და blockchain-ის ტექნოლოგიების განვითარების საკითხი განიხილეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთა მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოში ძალიან კარგად არის განვითარებული კრიპტოვალუტის – ბიტკოინის წარმოება და ზოგადად blockchain-ის ტექნოლოგიები, მეტიც, ამ მიმართულებით, ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია. ამდენად, მსოფლიო ბანკისთვის მნიშვნელოვანი იყო იმ გამოცდილების შესწავლა, რომელიც საქართველოს საჯარო და კერძო სექტორს აქვს ამ კუთხით, განსაკუთრებით blockchain-ის ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით. მსოფლიო ბანკის დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოში აღნიშნული ტექნოლოგიების მდგომარეობით, განვითარების ხედვით და სამომავლო პერსპექტივებით დაინტერესდნენ.
მსოფლიო ბანკის მისია სხვა სამთავრობო უწყებებსა და კერძო სექტორში გამართავს შეხვედრებს, სადაც blockchain-ის ტექნოლოგიები არის დანერგილი.
შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძეც მონაწილეობდა.