დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ის კომერციის მდივანს ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებზე თავისუფალი ვაჭრობის გავლენის შესახებ კვლევის შედეგები გააცნო
დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ის კომერციის მდივანს ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებზე თავისუფალი ვაჭრობის გავლენის შესახებ კვლევის შედეგები გააცნო

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ის კომერციის მდივანს უილბურ როსს საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გავლენის კვლევის შედეგები გაუზიარა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კვლევა საქართველოს მთავრობის დაკვეთით, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ „PWC“-მ განახორციელა. კვლევის თანახმად, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედება მნიშვნელოვნად გაზრდიდა ორივე ქვეყნიდან ექსპორტს, ხელს შეუწყობდა ინვესტიციებს და სტიმულს მისცემდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ასევე აღინიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება აშშ-დან ინვესტიციების ზრდას, რომელსაც ასევე მოაქვს ქვეყანაში ცოდნა და ახალი ტექნოლოგიები.

შეხვედრა დიმიტრი ქუმსიშვილსა და უილბურ როსს შორის ეკონომიკის მინისტრების დონეზე პირველად გაიმართა. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი აშშ-ში, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.