დიმიტრი ქუმსიშვილი - საქართველოში ეკონომიკა 2017 წელს 5 პროცენტით გაიზარდა
დაზუსტებული მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტი 2017 წელს არა 4,8 პროცენტით, არამედ 5 პროცენტით გაიზარდა. ახალი მაჩვენებელი დღეს საქსტატმა გამოაქვეყნა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნულ სტატისტიკაზე დღეს ევროკავშირის დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
„თუ გახსოვთ, 2017 წელი წინასწარი შეფასებით, 4.8%-იანი ზრდით დავასრულეთ. თუმცა, დღეს მოხდა პირველი დაზუსტება და მინდა მოგახსენოთ, რომ 2017 წელს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, 2017 წლის ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებამ შეიტანა და ეკონომიკური ზრდის მთავარი წარმმართველი საქონლისა და მომსახურების წმინდა ექსპორტი იყო. მისივე თქმით, ეკონომიკურ ზრდაში დადებითი იყო ინვესტიციების და მოხმარების წვლილიც.
ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: მშენებლობა (11,2 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (11,2 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (9,2 პროცენტი), ტრანსპორტი (7,2 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (7,1 პროცენტი), ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი (6,6 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,3 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (5,0 პროცენტი).
ამასთან, კლება აღინიშნა სოფლის მეურნეობისა (-2,7 პროცენტი) და შინამეურნეობების მიერ პროდუქციის გადამუშავების (-2,7 პროცენტი) სექტორებში.