დიმიტრი ქუმსიშვილი - სამინისტროებში ოპტიმიზაცია აუცილებლად იქნება, რაც აისახება სახელმწიფო ბიუჯეტზე
სამინისტროებში ოპტიმიზაცია აუცილებლად იქნება, რაც, რა თქმა უნდა, აისახება სახელმწიფო ბიუჯეტზე, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სამინისტროებში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებისა და ოპტიმიზაციის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის, რთული იქნება კონკრეტული ციფრების დასახელება, რა თანხა დაიზოგება ოპტიმიზაციის შედეგად.
„ამ დროისთვის, მიმდინარეობს თანხების გადათვლა. დღეს რთულია იმის თქმა, რა თანხა დაიზოგება. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ეფექტური მართვა და შესაბამისად შედეგების მიღება საშუალო და გრძელვადიან პერიოდში.
ამოცანა, ერთი მხრივ, არ არის სამსახურებიდან ადამიანების გაშვება, არამედ ამოცანა არის, რომ საუკეთესო კადრები ყველა სამინისტროდან იყოს შენარჩუნებული, რათა ამ კადრებმა ანაზღაურება მიიღონ შესაბამისი დამსახურების მიხედვით, როგორც კანონმდებლობით არის განსაზღვრული“, – განაცხადა დიმიტრი ქუმისშვილმა.