დიმიტრი ქუმსიშვილი - პროკურატურასთან ერთხელ მქონდა კომუნიკაცია, პროგრამებზე არც მაშინ ყოფილა კითხვები და არც დღეს არ არის
დიმიტრი ქუმსიშვილი - პროკურატურასთან ერთხელ მქონდა კომუნიკაცია, პროგრამებზე არც მაშინ ყოფილა კითხვები და არც დღეს არ არის

პროკურატურასთან ერთხელ მქონდა კომუნიკაცია, ივნისის ბოლოს, დღეს ეს თემა აქტუალური არ არის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს მის გამოკითხვასთან დაკავშირებით განუცხადა.

ამასთან, ყოფილმა მინისტრმა განმარტა, რომ არც პროგრამა „აწარმოე საქართველოსთან“ და არც სტარტაპებთან დაკავშირებით კითხვები არ ყოფილა.

„ერთხელ მქონდა კომუნიკაცია და ამის შესახებ ყველამ იცით. ეს იყო ივნისის ბოლოს. დღეს არ არის თემა აქტუალური და ჩემი გადმოსახედიდან, არც მაშინ უნდა ყოფილიყო. პროგრამებთან დაკავშირებით არც მაშინ ყოფილა კითხვები და არც დღეს არ არის. დარწმუნებული ვარ, პროგრამები მათ შორის „აწარმოე საქართველოში“ არის ერთ-ერთი წარმატებული და სწორი პროგრამა. სტარტაპებზე საერთოდ არ ყოფილა არანაირი კითხვები, არც „აწარმოე საქართველოს“ მიმართ“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მიმდინარე წლის ივნისში მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე. ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში კი, გამოიკითხნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე.