დიმიტრი ქუმსიშვილი პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკური ბლოკის კოორდინატორი იქნება
ფინანსთა ახლანდელი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კვლავ პირველი ვიცე-პრემიერი და ამასთანავე ეკონომიკური ბლოკის კოორდინატორი იქნება.
პირველი არხის ინფორმაციით, მთავრობაში დაგეგმილი საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში, ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს შეურთდება, ეკონომიკის სამინისტროში გაერთიანდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ნაწილი და ამ გაერთიანებულ ეკონომიკურ ბლოკს სწორედ დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს.
რაც შეეხება ეკონომიკის მოქმედ მინისტრს გიორგი გახარიას, პირველი არხის ინფორმაციით, ის შინაგან საქმეთა მინისტრი გახდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობაში მასშტაბური სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადებას ხვალ გააკეთებს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაგეგმილია რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება. კერძოდ – 18 სამინისტროს ნაცვლად 13 სამინისტრო დარჩება.