დიმიტრი ქუმსიშვილი - ნიკანორ მელიას უნდა შოუს მოწყობა და მე ამაში არ დავეხმარები
ჩემი გადმოსახედიდან, ნიკანორ მელია ერთი ჩვეულებრივი კრიმინალია, რომელსაც სადეპუტატო იმუნიტეტი იცავს, რომელზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მან თვალებში პროკურორს უნდა ჩახედოს და არა მე, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ნიკა მელიას საპასუხოდ განაცხადა.
„პოლიტიკური თვალსაზრისით, ის არის ყველაზე უარყოფითი, წარუმატებელი პერსონაჟი, რომელსაც სჭირდება შოუს დადგმა. ამ შოუს დადგმაში, მე მას, რა თქმა უნდა, არ დავეხმარები. „ნაციონალური მოძრაობა“ და ნიკანორ მელია გულზე სკდება იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა ვითარდება – მარტში გვაქვს 5.6 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა და შესაბამისად, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გადაფარონ ეს პოზიტიური მოვლენა“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მინისტრის განმარტებით, მან ტელევიზიიდან შეიტყო იმ ტენდერის შესახებ, რომელზეც ნიკა მელიამ ისაუბრა. მისი თქმით, ეს ტენდერი, მიღებული ინფორმაციით, ჩატარებულია სრულიად გამჭვირვალე, ელექტრონული წესით, კონკურენტულ გარემოში და ისეთმა კომპანიამ, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ამ ტენდერში, დაიმსახურა გამარჯვება იმიტომ, რომ დადო დაბალი ფასი და დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა, რომელიც ტენდერის პირობებში იყო გათვალისწინებული.
„აქვე აღვნიშნავ, რომ ეს კომპანია საქმიანობდა მანამდე, სანამ მე მოვედი პოლიტიკაში და აბსოლუტურად წარმატებით გააგრძელებს საქმიანობას მას მერეც, რაც მე პოლიტიკიდან წავალ“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ნიკა მელიამ გუშინ ერთ-ერთი ტენდერის შესახებ ისაუბრა. „მარტო იმ ერთი ფაქტის გამო უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც მხილებულია უკვე მერამდენედ კორუფციულ სქემაში. ვგულისხმობ იმას, რომ ფაროსანამ, რომელმაც შეჭამა მთელი დასავლეთ საქართველო, მართლაც გაანადგურა ათიათასობით ოჯახი, გამოაცხადეს რაღაცა მილიონ ლარამდე ტენდერი, თითქოს საინფორმაციო კამპანია უნდა აწარმოონ, რაღაცა ბუკლეტები უნდა დაბეჭდონ და რეკლამები უნდა გაუშვან, რომ აუხსნას თურმე გაუბედურებულ ხალს, რომელიც ითხოვს უკვე სამი წლის განმავლობაში დახმარებას, როგორ უნდა მოიხმარონ ესა თუ ის პრეპარატი. ვინ მოიგო ეს ტენდერი, რომელიც უკონკურენციო იყო, ანუ არ ყავდა კონკურენტი, დახურული ტენდერი? ქუმსიშვილის ოჯახის წევრმა, მისი ცოლის ბიძაშვილმა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.