პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის ოქტომბერსა და პირველ 10 თვეში ქვეყნის მშპ-ს წინასწარი მაჩვენებლები შეაფასა.
წინასწარი მაჩვენებლებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2017 წლის ოქტომბერში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 5.7 პროცენტი, 2017 წლის პირველი ათი თვის საშუალო ზრდის მაჩვენებელმა კი – 4.9 პროცენტი შეადგინა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პირველმა ვიცე-პრემიერმა დადებითად შეაფასა ექსპორტის ზრდის დინამიკა, რომლის თანახმადაც საქართველოდან სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტი 92 პროცენტით, ფეროშენადნობების – 53 პროცენტით, მინერალური და მტკნარი წყლების – 45 პროცენტით და ღვინისა კი 40 პროცენტით გაიზარდა.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2017 წლის ოქტომბერში საქონლის წმინდა ექსპორტის კონტრიბუციამ მშპ-ს რეალურ ზრდაში დაახლოებით 1.6% შეადგინა. საქონლის რეალური წმინდა ექსპორტი დაახლოებით 9%-ით გაუმჯობესდა.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, მიმდინარე წლის ოქტომბერში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: დამამუშავებელი მრეწველობა – ზრდა 9.7%, წვლილი რეალურ ზრდაში 1.1 პროცენტული პუნქტი; საფინანსო საქმიანობა – ზრდა 13.4%, წვლილი რეალურ ზრდაში 0.4%; სასტუმროები და რესტორნები – ზრდა 20.2% , წვლილი რეალურ ზრდაში – 0.4% და სხვ.
პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 29,4 პროცენტით გაიზარდა და 2,2 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.