დიმიტრი ქუმსიშვილი - Elbit-ის ახალი ქარხნის მთავარი შედეგი წლიურად 60 მლნ დოლარის ექსპორტი და 300 სამუშაო ადგილის შექმნაა
Elbit-ის ახალი ქარხნის გახსნით კონკრეტული შედეგი გვაქვს, რაც წლიურად დამატებით 60 მლნ აშშ დოლარის ექსპორტში და 300 სამუშაო ადგილის შექმნაში უნდა გამოიხატოს, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, „საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელის კომპანია Elbit Systems Cyclone-ის ერთობლივი პროექტის, თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების ქარხნის გახსნაზე განაცხადა.
მისი თქმით, ახალი ქარხანა ისრაელთან ერთობლივი კომპანიების შექმნისა და ახალი ინვესტიციების მოზიდვის კარგი მაგალითია, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტიციების ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, თვითმფრინავების კომპოზიტური მასალების მწარმოებელი ქარხანა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონისთვისაც. მისი განმარტებით, ახალი საწარმო შექმნის დამატებით ღირებულებას, წარმოებულ პროდუქციას კი გამოიყენებენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა – „ბოინგი“, „ეარბასი“ და სხვა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, ისრაელის კომპანიას ფილიალის გასახსნელად რამდენიმე ალტერნატიული ლოკაცია ჰქონდა, თუმცა არჩევანი საქართველოზე გააკეთა. აღნიშნული გადაწყვეტილება კი საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის გათვალისწინებით მიიღო.
ქარხანაში კომპოზიტური მასალისგან სამოქალაქო თვითმფრინავების სტრუქტურული ნაწილები დამზადდება – აეროდინამიკური ზედაპირი, კარი და სხვა. პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. სრული წარმადობის მასშტაბზე გასვლის შემდეგ (მე-7 წელი), საწარმოს წლიური გაყიდვები 60 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბებს. ჯამური ინვესტიცია 93 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.