დიმიტრი ქუმსიშვილი - 2017 წლის ცხრა თვის მონაცემებით, ევროკავშირიდან განხორციელებულმა ინვესტიციებმა 441 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
2017 წლის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორ პროცენტზე მეტით გაიზარდა და 2,844 მლნ. აშშ დოლარს გადააჭარბა. აღნიშნულმა მაჩვენებელმა საქართველოს მთლიანი ბრუნვის დაახლოებით 27 პროცენტი შეადგინა, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მონაწილეობს.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 2017 წელს 13 პროცენტით გაიზარდა და ნომინალში 647 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზარდა ინდუსტრიული პროდუქციის ექსპორტი.
დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, 2017 წლის ცხრა თვის მონაცემებით, ევროკავშირიდან განხორციელებულმა ინვესტიციებმა 441 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით ექვსი პროცენტით მეტია.
„აღნიშნული პოზიტიური შედეგები, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, კერძო სექტორის დამსახურებაა, მეორე მხრივ კი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების, რომელიც ევროკავშირთან გაგვაჩნია და ასევე იმ ბიზნეს-კლიმატის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის. რაც შეეხება რეფორმებს ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში, ჩვენ სრულად ვასრულებთ ჩვენზე აღებულ ვალდებულებებს,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ინფორმაციას ეკონომოკის სამინისტრო ავრცელებს.