ლარის კურსზე პროგნოზებს ვერ და არ გავაკეთებ, ეს არის მცურავი კურსი – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, იანვრის დასაწყისიდან ვალუტაზე მოთხოვნა უნდა შემცირდეს.
„პროგნოზებს ვერ და არ გავაკეთებ, ეს არის მცურავი კურსი. ანალიზი ყოველდღიურად კეთდება. საკმაოდ ბევრი ფორვორდული გარიგებები დაიდო ბაზარზე, რაც ნიშნავს იმას, რომ იანვრის დასაწყისიდან ვალუტაზე მოთხოვნა უნდა დაგვაკლდეს.
ამავდროულად, გამყიდველების მიმართულებით გარკვეული ინვესტორების აქტიურობა უნდა გამოჩნდეს,თუმცა პროგნოზისგან თავს შევიკავებ. ეროვნული ბანკის განცხადება იყო მნიშვნელოვანი. ბანკმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვით, ის მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებით მოახდენს ბაზარზე გავლენას იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაინახავენ, რომ ფუნდამენტიდან საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არის გადახრილი ლარის კურსი“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.