დიმიტრი პოლიანსკი - ქართველ ხალხთან ერთად ვეცდებით გავაკეთოთ ყველაფერი, რათა განვავითაროთ ხალხთა შორის კონტაქტები, ორმხრივი, მათ შორის სავაჭრო კავშირები
ქართველ ხალხთან ერთად ვეცდებით, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა განვავითაროთ ხალხთა შორის კონტაქტები, ორმხრივი, მათ შორის სავაჭრო კავშირები, რომელმაც საკმაო სიმაღლეს მიაღწია, – ამის შესახებ გაეროში რუსეთის მუდმივმოქმედი წარმომადგენლის მოადგილე დიმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა.
პოლიანსკი გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრას ეხმაურება, სადაც აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს.
„სამწუხაროდ, მათი პოზიცია დიდად არ შეცვლილა, მიუხედავად ყველა არგუმენტისა, რომელიც ჩვენ გვქონდა და განვაცხადეთ“, – აღნიშნავს დიმიტრი პოლიანსკი დასავლეთთან მიმართებაში.
მისი თქმით, რუსეთის ამ ტრაგიკულ მოვლენებს ისტორიის ნაწილად მიიჩნევს.
„ჩვენ ამ ტრაგიკულ მოვლენებს ისტორიის ნაწილად მივიჩნევთ. მხედველობაში მივიღეთ ტალიავინის 2009 წლის ანგარიში, რომელიც ევროკავშირის მანდატით იყო მომზადებული და საკმაოდ მკაფიოდ განსაზღვრავს, ვინ არის აგრესორი და ვინ მსხვერპლი ამ სამწუხარო ვითარებაში“, – განაცხადა გაეროში რუსეთის მუდმივმოქმედი წარმომადგენლის მოადგილემ.
როგორც დიმიტრი პოლიანსკიმ აღნიშნა, დაძაბულობის განმუხტვისთვის ერთადერთი გზა დიალოგია საქართველოს, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის.
„ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაშვებული ამ ტრაგიკული შეცდომისთვის, საქართველოს მაღალი ფასის გადახდა მოუწია. ჩვენ ვხედავთ, რომ კავკასიის კეთილდღეობისთვის ერთადერთი გზა ურთიერთობები, დაძაბულობის განმუხტვისთვის კი – დიალოგია საქართველოსა და ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის, რომელსაც ჩვენ ვაღიარებთ. ჩვენ ასევე შეგვიძლია, ამ დისკუსიების ნაწილი ვიყოთ“, – აცხადებს რუსეთის წარმომადგენელი.
მისი თქმით, რუსეთი ქართველ ხალხთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, ხალხთა შორის კონტაქტების განვითარების მიზნით.
„სამწუხაროდ, დასავლური ქვეყნების პოზიცია დიდად ვერ ეხმარება, თუმცა, მინდა დაგარწმუნოთ, ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, ვეცდებით, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა განვავითაროთ ხალხთა შორის კონტაქტები, ორმხრივი, მათ შორის სავაჭრო კავშირები, რომელმაც საკმაო სიმაღლეს მიაღწია. პოლიტიკური ტურბულენტობის მიუხედავად, ბევრი რუსი ტურისტი ჩადის საქართველოში. ჩვენ დავამყარეთ კარგი ურთიერთობები ინდივიდუალურ დონეზე. ქართული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე დაბრკოლების გარეშე შედის. ისინი ძალიან პოპულარულია რუსეთში. საქართველო ამისგან ბევრ ფულს იღებს და ჩვენ მოხარული ვართ ამით.
მზად ვართ, განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები ჩვენს სამხრეთელ მეზობელთან, ისევე, როგორც ორ დამოუკიდებელ რესპუბლიკასთან, რომელიც მსოფლიო რუკაზე საქართველოს უიღბლო თავგადასავლის შედეგად გაჩნდა“, – აღნიშნავს დიმიტრი პოლიანსკი.